ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში: „ჩვენი სამყარო“
- 2 ივნისი 2026
2026 წლის 28 მაისს, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართა ახალგაზრდული კონფერენცია ასტროფიზიკაში „ჩვენი სამყარო“. ღონისძიება ჩატარდა ასტრომოყვარულთა სტუდიის ორგანიზებითა და საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ასტრონომიის პოპულარიზაციის ოფისის მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები დაკვირვებითი ასტრონომიის, კოსმოლოგიის, არამზისიერი პლანეტებისა და კოსმოსური აპარატების შესახებ. მოხსენებების სამეცნიერო კონსულტაციას უწევდნენ ობსერვატორიის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები გიორგი ქურხული და გიორგი ჯავახიშვილი.
კონფერენციის პოსტერი და მოხსენებების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ობსერვატორიის ასტრომოყვარულთა სტუდიის ორფაზიანი კურსის წარმატებით დასრულებისათვის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სტუდიის კურსდამთავრებულები.
კონფერენციის მონაწილეებს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა ღვაწლმოსილმა მეცნიერმა შალვა საბაშვილმა - საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნი „სახალისო ასტრონომია“.
მესამე წელია, რაც ახალგაზრდული კონფერენცია ტარდება და თანდათან მნიშვნელოვან ტრადიციად ყალიბდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ ინტერესი ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართ, გაიღრმაონ ცოდნა, განივითარონ კვლევითი და საპრეზენტაციო უნარები და ჩაერთონ სამეცნიერო გარემოში.





