მიმდინარეობს საიტის განახლება

გივი ქიმერიძის 80 წლის იუბილე

წელს ჩვენს კოლეგასა და მეგობარს, ცნობილ ქართველ ასტრონომს გივი ქიმერიძეს, 80 წელი შეუსრულდა. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება ცვალებადი, ახალი და ზეახალი ვარსკვლავების, გალაქტიკების აქტიური ბირთვებისა და კვაზარების დაკვირვებებს.

ბატონი გივი ქიმერიძის აღმოჩენათა სიას ამშვენებს ექვსი ზეახალი, ორი ახალი და ერთი განმეორებადი ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა. ბატონ გივის აღმოჩენებს ღირსეული ადგილი უკავია ობსერვატორიის ისტორიის საგამოფენო სივრცეში.

გივი ქიმერიძემ ასტრონომიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მისი პროფესიული გზა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დაიწყო, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა ლაბორანტად, მკვლევრად და უფროს მეცნიერ თანამშრომლად. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ბატონი გივი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ასტრონომიას, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა თაობებს.

მისი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა მოიცავს შტერნბერგის ასტრონომიულ ინსტიტუტს, ოდესის ობსერვატორიას, VERITAS-ის პროექტს უიპლის ობსერვატორიაში (FLWO, აშშ) და კორკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (ირლანდია). იგი არის ევროპის ასტრონომიული საზოგადოების (EAS) წევრი და მონაწილეობდა ბლაზარების დაკვირვების გლობალური ქსელისა (WEBT) და მაღალი ენერგიების სტერეოსკოპული სისტემის (H.E.S.S.) სამეცნიერო საქმიანობაში. ასტრონომიული აღმოჩენებისთვის ბატონი გივი დაჯილდოებულია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს მედლით „ახალი ასტრონომიული ობიექტების აღმოჩენისთვის“.

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია გულითადად ულოცავს ბატონ გივი ქიმერიძეს 80 წლის იუბილეს. მისი სამეცნიერო და პედაგოგიური ღვაწლი, საქმისადმი ერთგულება და მრავალწლიანი გამოცდილება ძვირფასი მემკვიდრეობა და შთაგონების წყაროა მომავალი თაობებისთვის.

ვუსურვებთ ბატონ გივის ჯანმრთელობას, მხნეობას, შემოქმედებით ენერგიასა და ნაყოფიერ წლებს!