დასრულდა „პრაქტიკული ასტრონომიის სასწავლო კურსი 2026“
- 21 აგვისტო 2026
დასრულდა „პრაქტიკული ასტრონომიის სასწავლო კურსი 2026“, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება ობსერვატორიაში, კერძოდ, აბასთუმანში, მთა ყანობილზე. კურსის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული ასტრონომიული უნარების განვითარება; თეორიული ცოდნის გაღრმავება, სტუდენტური კვლევის წახალისება, მონაცემთა დამუშავებისა და მეცნიერული ანალიზის ტექნიკების შესწავლა.
კურსში მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
თეორიული მოდულის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს თემატური ლექციები, ხოლო პრაქტიკული მოდულის განმავლობაში, მენტორების ხელმძღვანელობით, იმუშავეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ კვლევით პროექტებზე. დაკვირვებითი პროექტების ნაწილი განხორციელდა ობსერვატორიის 1.5-მეტრიან ტელესკოპ ASA15-ზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ ასტრონომიული დაკვირვებების დაგეგმვასა და ჩატარებას, მიღებული მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას.
კურსის ფარგლებში შესრულებული პროექტების შედეგები სტუდენტებმა წარადგინეს შემაჯამებელ ღონისძიებაზე - „აბასთუმნის პრაქტიკული ასტრონომიის ვორქშოპი 2026“.
კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი 14 სტუდენტს გადაეცა.
„პრაქტიკული ასტრონომიის კურსი“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა დააკავშირონ რეალურ დაკვირვებით ამოცანებთან, მიიღონ თანამედროვე ასტრონომიულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და გადადგან პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.






