ახალი თეორია: მზის მაგნიტური ციკლების წარმოშობის ახალი მოდელი
- 26 ნოემბერი 2025
ობსერვატორიის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, თეიმურაზ ზაქარაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. მან ამერიკელ კოლეგებთან ერთად აჩვენა, რომ მზის წიაღში არსებობს დიდმასშტაბოვანი როსბი–დინამო ტალღების ახალი ტიპი, რომელიც წარმოიქმნება კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთქმედების შედეგად. ეს აღმოჩენა მზის აქტიურობის ციკლების უკეთ გაგების ახალ ხედვას გვთავაზობს, რაც შესაძლებელია მზის ფიზიკის კვლევის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს.
მზეზე მომხდარი ანთებები და კორონული მასის ამოფრქვევები იწვევენ კოსმოსური ამინდის ცვლილებებს, რომლებიც მოქმედებენ დედამიწის მაგნიტურ ველზე, ატმოსფეროზე და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზეც, მათ შორის სატელიტურ კომუნიკაციებსა და GPS სისტემებზე. სწორედ ამიტომ, მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, თუ რატომ მეორდება ეს პროცესები 11-წლიანი პერიოდულობით და რა განსაზღვრავს მათი აქტიურობის ზრდასა თუ შემცირებას.
ახალი კვლევის მიხედვით, მზის წიაღში მდებარეობს ვიწრო ფენა - ტახოკლინი, სადაც ერთმანეთს ხვდება კონვექციური და სხივური გადატანის არეები. კონვექციური უჯრედები აღწევენ ამ ფენაში და სწორედ ამ პროცესის შედეგად იბადება როსბი–დინამო ტალღები, რომლებიც გარდაქმნიან ბრუნვით და კონვექციურ ენერგიებს. ენერგიის ეს ტრანსფორმაცია იწვევს მზის როგორც 11-წლიან, ასევე, 150–170 დღიან რხევებს.
ახალი თეორიის გამოყენებით პირველად გახდა შესაძლებელი ტახოკლინის მაგნიტური ველის სიდიდის შეფასება, რაც მზის კვლევაში სრულიად ახალ მიმართულებას - მზის მაგნიტო-სეისმოლოგიას აჩენს. ამ მიდგომით მეცნიერებს შეეძლებათ მზის შიდა სტრუქტურისა და მისგან წარმოქმნილი ენერგეტიკული პროცესების უფრო ზუსტი მოდელირება, რაც მომავალში კოსმოსური ამინდის პროგნოზირებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია:
ხუთშაბათი, 4 დეკემბერი, 16:00, ობსერვატორიის თბილისის ოფისი, მისამართი: მ. კოსტავას ქ. 47/57, V სართული.
პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:





