საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

2023 წლის 31 ივლისის დიალოგის შედეგები

2023 წლის 31 ივლისს 15:00 სთ-ზე ობსერვატორიის თბილისის ოფისში (მ. კოსტავას ქ. #47/57, მე-5 სართ.) შედგა ობსერვატორიის წარმომადგენლებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე (დაბა აბასთუმანი, მთა ყანობილი) უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების დროებითი შეზღუდვით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

ობსერვატორია წარმოდგენილი იყო 3 პირის შემადგენლობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა დირექტორის მოადგილე, ბ. ჩარგეიშვილი.

მოქალაქეთა უკმაყოფილო ჯგუფი წარმოდგენილი იყო 4 პირის შემადგენლობით: ნ. ჩერქეზიშვილი, მ. ბოლქვაძე, თ. ჭანტურია, თ. შველიძე.

შეხვედრაში მონაწილე მოქალაქეებმა ობსერვატორიას მიაწოდეს თავიანთი მოსაზრებები იმ მიზეზთან დაკავშირებით, რომელიც მათი აზრით შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც ახალი გარემოება და მასზე დაყრდნობით განხორციელდეს „სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ობსერვატორიაში შესვლისა და გადაადგილების თავისებურებების შესახებ„ ობსერვატორიის დირექტორის 2023 წლის 10 მაისის #01-01/04 ბრძანებაში ცვლილება.

საბოლოო ჯამში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში ობსერვატორიას მიმართავს ჯგუფის წევრებს შორის შეჯერებული წერილობითი განცხადებით; განცხადებაში ჩამოყალიბებული იქნება მათი არგუმენტები და შესატყვისი კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები ზემოხსენებულ ბრძანებაში კანონმდებლობასთან შესაბამისი ცვლილების განსახორციელებლად. ამასთან დაკავშირებით, ობსერვატორია მათ დაპირდა, რომ წარმოდგენილ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს უმოკლეს ვადაში.