ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
- 10 მარტი 2026
ობსერვატორიის მეცნიერებს, რაგული ინასარიძესა და ვოვა აივაზიანს, აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ეროვნული ადმინისტრაციის ჯგუფური მიღწევის ჯილდო (NASA Group Achievement Award) გადაეცათ.
მეცნიერები მონაწილეობდნენ საერთაშორისო დაკვირვებით კოლაბორაციაში DART Period Change Determination Team, რომელიც განხორციელდა NASA-ს პლანეტარული დაცვის პროგრამის ფარგლებში, კოსმოსური აპარატის კინეტიკური შეჯახების შედეგად ასტეროიდის ორბიტული მოძრაობის ცვლილების შესწავლის მიზნით.
2022 წლის 26 სექტემბერს DART-ის კოსმოსური აპარატი მიზანმიმართულად შეეჯახა ასტეროიდ დიდიმოსის თანამგზავრ ასტეროიდ დიმორფოსის ზედაპირს. დედამიწიდან დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დიმორფოსის ორბიტული პერიოდი დაახლოებით 33 წუთით შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მისიის წინასწარ განსაზღვრულ მიზანს.
საერთაშორისო დაკვირვებით ქსელში ჩართული იყო 21 ობსერვატორიაში განთავსებული 28 ტელესკოპი, ხოლო კვლევაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70 მეცნიერმა. ამ მასშტაბური თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულმა შედეგების ანალიზმა შესაძლებელი გახადა ასტეროიდული სისტემის ორბიტული ცვლილების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა.
ობსერვატორია ულოცავს რაგულ ინასარიძესა და ვოვა აივაზიანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას უხდის NASA-ს პლანეტარული დაცვის პროგრამაში შეტანილი წვლილისა და ობსერვატორიის საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენისათვის.





