საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

გვიახლოვდება მწვანე კომეტა

კომეტის გზა თანავარსკვლავედებს შორის მიმდინარე წლის იანვარში (წითელი წრფე)

.წ. მწვანე კომეტის შესახებ

(კომეტა C/2022 E3 (ZTF) -ის მორიგი სტუმრობა მზის სისტემაში ოორტის შორეული ღრუბლიდან)

კომეტები - ქართული ხალხური სახელწოდებით კუდიანი ვარსკვლავები - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციური სხეულებია, რომელთა გამოჩენა მთელი დედამიწის მოსახლეობის უდიდეს ყურადღებას იმსახურებს ხოლმე. მათ არც თუ იშვიათად უკავშირებდნენ დედამიწაზე მომხდარ ბუნებრივ თუ საზოგადოებრივ კატაკლიზმებს - ომებს, რევოლუციებს, ეპიდემიებს და სხვ. განსაკუთრებით საინტერესოა მათი გარეგნობის სწრაფი ცვლილება, გიგანტური თავების და ასობით მილიონი კილომეტრის სიგრძის კუდების წარმოქმნა მზესთან მიახლოებისას ჩვენი მნათობის გრავიტაციული და სითბური ზემოქმედების შედეგად.

მრავალი კომეტა ისტორიულ თხზულებებშია შესული, მაგალითად ჰალეის კომეტა, რომელსაც კაცობრიობა ყურადღებით ხვდებოდა მისი ყოველი მოვლინებისას (ეს კი საშუალოდ ყოველ 75 წელიწადში ერთხელ ხდებოდა), და რომელმაც ყურადღება ჩვ. წ.-მდე ჯერ კიდევ მე-5 ს-ში მიიქცია (მის მორიგ სტუმრობაზე 1066 წელს გვაუწყებს ცნობილი ქართული წარწერა აფხაზეთის ს. ლიხნში). ბევრ ადამიანს ეხსომება 1997 წელს ორი კაშკაშა კომეტის მოვლინება - ჰიაკუტაკეს კომეტის და, განსაკუთრებით ჰეილ-ბოპის კომეტისა, რომელიც რამდენიმე თვეს კაშკაშებდა დედამიწის ცაზე, მერე კი თავისი ორბიტის შორეული პერიფერიებისკენ გაემართა, რათა 2 500 წლის მერე ისევ გვესტუმროს.

კომეტებს შორის ბევრია გამორჩეული: ზოგი თავისი ზომით, ზოგი სიკაშკაშით, ზოგი სიჩქარით, ზოგიც გამოჩენათაშორისი შუალედით (მზის ირგვლივ თავისი გარემოქცევის პერიოდით), და ა.შ.

ამჟამად მზის სისტემას ეწვია კიდევ ერთი კომეტა, რომელიც თავისი გამოსხივების შეფერილობთ გამოირჩევა - იგი მწვანეა. ღირსშესანიშნავია თავისი ორბიტის გიგანტურობითაც - მზის ირგვლივ შემოვლას დაახლოებით 500 საუკუნე უნდება. მისი სამშობლო კი შორეული ოორტის ღრუბელია - მზის სისტემის წარმოშობის საწყისი პერიოდის ქმნილება, სავსე არასტაბილური თიხის, ყინულისა და აირების ნაზავებით, ე.წ. კომეტური სხეულებით, რომლებსაც ახლოს ჩავლილ ვარსკვლავთა გრავიტაცია ხშირად დედამიწისკენ აამოძრავებს ხოლმე.

ამ კომეტას, ასტრონომიაში მიღებული აღნიშვნის წესების თანახმად, C/2022 E3 (ZTF) შეერქვა. C ლათინური „Comet „ -ის საწყისი ასოა, 2022 – ამ კომეტის აღმოჩენის წელი, ასო E მიუთითებს, რომ იგი იპოვეს მითითებული წლის მე-5 ნახევართვეში (წლის პირველი ნახევართვეა იანვრის I ნახევარი, მეორე - იანვრის II ნახევარი, მესამე - თებერვლის I ნახევარი და ა.შ.), ანუ 2022 წლის მარტის პირველ ნახევარში, მომდევნო ციფრი 3 კი გვამცნობს, რომ ამ ნახევართვეში აღმოჩენილთაგან იგი მე-3 კომეტა იყო. ამგვარ ცნობებს ჩვეულებრივ მოსდევს ხოლმე აღმომჩენის ვინაობა. მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მოხდა დიდი მასშტაბის საძიებო ასტრონომიული პროგრამის წყალობით, ანუ მას პიროვნული ხასიათი არ ჰქონია. სამაგიეროდ ფრჩხილებში მითითებული ასოები (Z,T,F) ამ პროგრამის სახელწოდებაზე მიუნიშნებს - ისინი მისი შემადგენელი სიტყვების პირველი ასოებია (Zvikky Trancient Facility - ფრიც ცვიკის სახელობის მოძრავ ობიექტთა ძიება). თვით ცვიკი შვეიცარული წარმოშობის ამერიკელი ასტრონომია, რომლის სახელი უკვდავყოფილია თუნდაც გალაქტიკების ერთ-ერთი ტიპის სახელწოდებაში, და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამყაროს მსხვილმასშტაბიანი კვლევის ამოცანაში. ამ კომეტის აღმოჩენა კი მოხდა აშშ-ში, პალომარის მთის ობსერვატორიაში.

როგორც მკვლევრები იუწყებიან, აღმოჩენის მომენტში ეს ობიექტი ე.წ. მცირე პლანეტების ანუ ასტეროიდების სარტყელში იმყოფებოდა (ეს სარტყელი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა), და არც არაფრით გამოირჩეოდა სხვა ასტეროიდებისგან, გარდა თავისი მეტისმეტად გაწელილი ორბიტისა. მაგრამ მზესთან მიახლოებისას თანდათანობით თავი იჩინა მისმა „კომეტურმა“ ბუნებამ: მას გაუჩნდა დიდი მოცულობის გაიშვიათებული კომა და ასევე დაბალი სიმკვრივის აქტიური კუდი, წარმოქმნილი მზის სინათლის წნევისა და მზიდან გამომავალი კორპუსკულური ნაკადების - მზისიერი ქარის ზემოქმედებით. ამრიგად, გამოვლინდა მისი ნამდვილი ბუნება, და ის გარეგნულადაც ჩვეულებრივ კომეტას დაემსგავსა.

პარალელურად, მზესთან დაახლოების შედეგად იზრდებოდა მისი კუთხური ზომა (განივკვეთი), ამიტომ იგი მზის სულ უფრო მეტ სინათლეს ირეკლავდა, ამავე დროს კი ჩვენს პლანეტასაც თანდათან უახლოვდებოდა. ამის გამო სულ უფრო მატულობდა მისი სიკაშკაშეც: თუ აღმოჩენის მომენტში იგი მე-17 ვარსკვლავიერი სიდიდით გამოისახებოდა, ანუ კომეტა ჩანდა მხოლოდ დიდი ზომის ტელესკოპების მეშვეობით, 2022 წლის ბოლოს მისმა სიკაშკაშემ მე-10 ვარსკვლავიერ სიდიდეს მიაღწია, ანუ აშკარად მოუახლოვდა უბრალო თვალით ხილვადობის საზღვარს. შეგახსენებთ, რომ შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ მხოლოდ ისეთ მნათობებს, რომელთა სიკაშკაშე მე-6 ვარსკვლავიერ სიდიდეზე ნაკლები არაა, თვით სკალა კი შებრუნებულია, ანუ მნათობის ვარსკვლავიერი სიდიდე იკლებს მისი სიკაშკაშის ზრდისას. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთა ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 0-ის ახლოსაა, მათზე უფრო მეტად მნათ ობიექტებს კი უარყოფითი სიდიდეები აქვთ: უკაშკაშა პლანეტებს -1 -დან -6-მდე, სავსე მთვარეს - 13, მზეს -26 და ა.შ.

კომეტაზე სისტემატური დაკვირვებებით შესაძლებელი გახდა დადგენილიყო მისი ორბიტის სიდიდე. იგი გიგანტური აღმოჩნდა: გამოირკვა, რომ მწვანე კომეტის აფელიუმი, ანუ მზიდან მისი უშორესი წერტილი ოორტის ღრუბლებში მდებარეობს - მზიდან 2800 ა.ე. მანძილზე (ა. ე. იგივე ასტრონომიული ერთეულია, ანუ მზიდან დედამიწამდე საშუალო მანძილი, რომელიც 150 მილიონ კმ-ს უდრის), მზისადმი ამ კომეტის გარემოქცევის პერიოდი კი დაახლოებით 50 000 წელი. ეს ნიშნავს, რომ მისი წინა სტუმრობა მზე-დედამიწის მიდამოებში ჩვ. წ.-მდე 48-ე ათასწლეულში მომხდარა, ე.წ. ნეანდერტალელთა პერიოდში, როცა თანამედროვე ცივილიზაცია არც კი მოიაზრებოდა. მისი მომდევნო სტუმრობა კი 500 საუკუნის მერე მოხდება, როცა ჩვენი საზოგადოების ეკონომიკური, მეცნიერული, ენერგეტიკული და მორალური დონე, ისევე როგორც სამყაროში მისი განსახლების მასშტაბები დღევანდელისაგან სრულიად გამნსხვავებული იქნება.

ეს კომეტა მზიდან დიდ მანძილზე გარემოიქცევა, ამიტომ მზიდან მისი კუთხური მანძილი კომეტის მოახლოებისას სულ უფრო გაიზრდება, რაც მის ხილვადობასაც გააუმჯობესებს. ოღონდ აქ იგულისხმება დაკვირვებები საკმაო ძალის ტელესკოპებით (უკიდურეს შემთხვევაში ბინოკლით მაინც). შეუიარაღებელი თვალით დასაკვირვებლად მისაწვდომი კი ეს კომეტა მხოლოდ დედამიწასთან მაქსიმალური მოახლოების პერიოდში შეიძლება გახდეს. და მაშინაც კი მისი სიკაშკაშე კაშკაშა ვარსკვლავთა თუ პლანეტათა სიკაშკაშეზე ბევრად ნაკლები იქნება (თუ მან დაუჯერებელი მასშტაბის გაკაშკაშება არ განიცადა, რაც კომეტებისთვის არც ისე ჩვეულებრივი მოვლენაა). ასე, რომ ცის გარეგნულ სახეში რაიმე იმასთან მიახლოებულიც კი არ მოხდება, რაც უკაშკაშეს კომეტათა გამოჩენას მოჰყოლია ხოლმე (მაგალითად, ზოგი კომეტა დღისითაც ჩანდა ხოლმე, ზოგის კუდი კი ნახევარ ცაზე ყოფილა გადაჭიმული).

რაც შეეხება კომეტის გარემოქცევის ძირითად მახასიათებლებს: მზესთან ყველაზე ახლოს კომეტა 12 იანვრის წინა და მომდევნო დღეებშია (12 იანვრის, ანუ პერიჰელიუმის მომენტისთვის მზიდან მისი დაშორება 1.1 ა.ე.-ია, ანუ 165 მილიონი კმ - ოდნავ მეტი, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მზემდე). ამის მერე იგი უკვე შორდება მზეს, თუმცა გააგრძელებს დედამიწასთან დაახლოებას და ჩვენს პლანეტას უახლოეს მანძილზე 1 – 2 თებერვლის ღამეს ჩაუვლის. რა თქმა უნდა, ჩვენთან მის რაიმე სახის სახიფათო მოახლოებაზე ლაპარაკიც არაა - იგი ჩვენგან 0,29 ა.ე. ანუ 42 მილიონ კმ მანძილზე ჩაივლის, რაც ასჯერ მეტია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან ჩვენს ღამის მნათობ მთვარემდე.

რაც შეეხება კომეტის სიკაშკაშეს, სამოდელო გათვლების ავტორებს მიაჩნიათ, რომ იანვრის დასაწყისიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე მისი სიკაშკაშე მე-12 დან თანდათანობით მე-5 - მე-6 ვარსკვლავიერ სიდიდემდე გაიზრდება, ასე რომ განსაკუთრებით დაინტერესებულ დამკვირვებლებს შეძლებათ, კომეტის მდებარეობის შესაბამისი ცოდნის შემთხვევაში, იგი უბრალო თვალითაც აღმოაჩინონ. მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაღალმთიან, დიდი ცენტრებისგან დაშორებული ტერიტორიებიდან (თბილისში უბრალო თვალით მხოლოდ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები მოჩანს!). უფრო მოსახერხებელი კი ბინოკლებით დაკვირვებაა.

რასაკვირველია, კომეტის პოვნისათვის ცისა და თანავარსკვლავედების კარგი ცოდნა იქნება საჭირო. დაგეხმარებათ ინტერნეტის მასალები და ცის რუკები.

2023 წლის დასაწყისში კომეტა ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა მენახირისა და ჰერკულესის თანავარსკვლავედებს შორის და მოძრაობდა გველეშაპის თანავარსკვლავედის შუა არისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით. კომეტის ორბიტის შემსწავლელთა ვარაუდით, იანვრის შუა რიცხვებში იგი ჩაუვლის ჰერკულესის თანავარსკვლავედს მარჯვენა მხრიდან, იანვრის მე-3 დეკადის პირველ რიცხვებში გადაკვეთს გველეშაპის თანავარსკვლავედის მარჯვენა ნაწილის არეს, იანვრის ბოლოს კი მიუახლოვდება პატარა დათვის თანავარსკვლავედის „ციცხვს“, კერძოდ ვარსკვლავ ქოხაბს, რომელიც იმავე ბრწყინვალებისაა, როგორც პოლარული ვარსკვლავი, და მეტიც - 2 ათასწლეულის წინ სწორედ იგი იყო ვარსკვლავიერი ცის უძრავი წერტილი, ანუ სამყაროს ჩრდილოეთი პოლუსი - მას „უყურებდა“ დედამიწის ბრუნვის ღერძი. ამიტომაც უწოდებიათ არაბებს მისთვის სახელი ქოხაბი, რაც ჩრდილოეთის ვარსკვლავს ნიშნავს ( სამყაროს პოლუსის მოძრაობა უკავშირდება დედამიწის ბრუნვის ღერძის წრიულ მოძრაობას 27 000 წლიანი პერიოდით, გამოწვეულს მზე-მთვარის გრავიტაციული ზემოქმედებით).

იანვრის ბოლო დღეებში მწვანე კომეტა გაივლის ამჟამინდელი პოლარული ვარსკვლავიდან სამხრეთით, 1 თებერვალს შესაძლოა მე-5 ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტად მოგვევლინოს (ანუ ხილვადი გახდეს თვალისათვის), მერე კი თანდათან გამკრთალებას დაიწყებს. 5 თებერვალს მიუახლოვება მეეტლის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავ კაპელას, თებერვლის მე-2 დეკადის დასაწყისში კი ახლოს ჩაუვლის პლანეტა მარსს და გაემართება სამხრეთისკენ, ე.ი. გაუმჯობესდება მისი ხილვადობა დედამიწის სამხრეთი ნახევარსფეროდან. თებერვლის ბოლოს გადაივლის ორიონის კაშკაშა თანავარსკვლავედის მარჯვენა ნაწილს, შემდეგ კი ერიდანოსის თანავარსკვლავედში გადავა. საერთოდ, ვარსკვლავიერ ცაზე გადაადგილების სისწრაფით (რამდენიმე გრადუსი დღე-ღამეში) ამჟამად იგი აშკარა რეკორდსმენია - ჩამორჩება მხოლოდ მთვარეს.

ასეთია სავარაუდოდ კომეტის სიკაშკაშისა და ადგილმდებარეობის ცვლილების ხასიათი უახლოეს თვეებში კომეტის მკვლევართა აზრით და საფიქრებელია, რომ ძირითად ხაზებში ეს ვარაუდები სწორი აღმოჩნდება.

მოამზადა: შ.საბაშვილმა